თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა ნიურნბერგის 2026 წლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღო მონაწილოება, რომელიც გერმანიაში, ნიურნბერგის იუსტიციის სასახლის ისტორიულ 600-ე სასამართლო დარბაზში გაიმართა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა ნიურნბერგის 2026 წლის საერთაშორისო იმიტირებული პროცესის კონკურსში 140 მონაწილე გუნდს შორის წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო მე-3 ადგილი მოიპოვა.
გუნდის შემადგენლობაში იყვნენ თსუ-ის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: ნატალია ანესაშვილი, თათა ტყეშელაშვილი და ელენე-ეკატერინე დვალიძე. გუნდს ხელმძღვანელობდა პროგრამის კურსდამთავრებული ელიზაბეტ კაკაბაძე.
ნიურნბერგის პრინციპების საერთაშორისო აკადემიამ და ფრიდრიხ-ალექსანდრეს ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის (FAU) საერთაშორისო სისხლის სამართლის კვლევის ჯგუფმა ნიურნბერგის იმიტირებული სასამართლო პროცესის მე-14 გამოცემას ნიურნბერგში (გერმანია), 22-დან 25 ივლისამდე უმასპინძლა.
შრი-ლანკის კოლომბოს უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა ნიურნბერგის 2026 წლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალურ რაუნდში გაიმარჯვა, ხოლო ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი მეორე ადგილზე გავიდა.
წელს 25 ქვეყნის 34 უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის 130 სტუდენტი ზეპირ რაუნდებში მონაწილეობდა. 15 წლამდე ასაკის ბავშვების არასახელმწიფო შეიარაღებულ ჯგუფში გაწვევის შესახებ იმიტირებულ საქმეზე შეჯიბრით, სტუდენტებმა თავისი ადვოკატირების უნარები დახვეწეს.
საერთაშორისო ჟიურიში შედიოდნენ მაღალი რანგის მსაჯულები, მათ შორის მოსამართლეები, პროკურორები და მეცნიერები. ფინალში თავმჯდომარეობდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლე ჯოანა კორნერი, CMG KC, რომელმაც „ნამდვილ პრივილეგიად“ შეაფასა ამ იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობისა და მსაჯობის შეთავაზება.
2026 წლის ნიურნბერგის იმიტირებული სასამართლო პროცესის სამი საუკეთესო მომხსენებელი იყო ნატალია ანესაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო), ზამან მოჰამედ ნაზარი (კოლომბოს უნივერსიტეტი, შრი-ლანკა) და საიმონ უილტონი (ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი, ავსტრალია).
წლევანდელი მეორე საუკეთესო მომხსენებლის ტიტული შვიდმა მონაწილემ გაიყო იდენტური ქულებით: ელენე ეკატერინე დვალიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო), სარა გრეილიხი (ფრიდრიხ-ალექსანდრეს ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი, გერმანია), სამანტა კენკელ დენლი (არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანდრა დეი ო’კონორის სამართლის კოლეჯი, ამერიკის შეერთებული შტატები), ანანია კუმარი (რაჯივ განდის სამართლის ეროვნული უნივერსიტეტი, პენჯაბი, ინდოეთი), უილ მარტინი (ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი, ავსტრალია), დევნი ნეჰა ჯაიავირა (რიცუმეიკანის აზია-წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი, იაპონია) და ჯეიმს ფილიპ გოროჰ სივე (ჯომო კენიატას სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, კენია).
ნიურნბერგის პრინციპების საერთაშორისო აკადემიის დირექტორმა, პროფესორმა დოქტორმა კრისტოფ საფერლინგმა, რომელიც ერლანგენის FAU-ში საერთაშორისო სისხლის სამართლის კათედრას ხელმძღვანელობს, განაცხადა:
„მსოფლიო მასშტაბით სტუდენტების საერთაშორისო სისხლის სამართლის საკითხებზე მსჯელობის ხილვა 600-ე სასამართლო დარბაზში ძლიერ გზავნილს წარმოადგენს. ისინი რომის სტატუტის მონაწილე, ასევე არამონაწილე სახელმწიფოებიდან არიან, მათ შორის მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტებით დაზარალებული ქვეყნებიდან. მათი მონაწილეობა ადასტურებს, რომ სამართლიანობის, ანგარიშვალდებულებისა და დიალოგის ღირებულებები კვლავაც შთააგონებს იურისტების ახალ თაობას. საერთაშორისო სისხლის სამართლის მომავალი საიმედო ხელშია“.
იმიტირებული სასამართლო პროცესი არის სიმულაციური სასამართლო პროცესი, რომელიც იწვევს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში მათი ზეპირი და წერილობითი იურიდიული არგუმენტაციისა და პრეზენტაციის საფუძველზე, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის პოზიციებიდან. ნიურნბერგის იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც ინგლისურ ენაზე ტარდება, განკუთვნილია მთელი მსოფლიოდან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო სისხლის სამართლის საკითხებში.
ნიურნბერგის იმიტირებული სასამართლო პროცესის ვებგვერდი www.nuremberg-moot.de
ნიურნბერგის პრინციპების საერთაშორისო აკადემია და საერთაშორისო სისხლის სამართლის კვლევის ჯგუფი მიზნად ისახავს ნიურნბერგის სასამართლო პროცესების უმნიშვნელოვანესი პრინციპების საერთაშორისო დამკვიდრებისა და აღიარების ხელშეწყობას. ისინი მხარს უჭერენ საერთაშორისო სისხლის სამართლის აღსრულებას მთელ მსოფლიოში, რითაც ხელს უწყობენ საერთაშორისო საზოგადოებისთვის შემაშფოთებელი ყველაზე სერიოზული დანაშაულების დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას.